WebNews.Ge

ეროვნულ ლიგა 2-ში სიონისა და მერანის ფეხბურთელები სირბილის ნაცვლად ცურაობდნენ

სპორტი 21-05-2017, 16:42
ეროვნულ ლიგა 2-ში სიონისა და მერანის ფეხბურთელები სირბილის ნაცვლად ცურაობდნენ

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩს, ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.
ბოლნისში, მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, რის გამოც, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობში მყოფი მინდვრის საფარი კიდევ უფრო დამძიმებული იყო. წვიმდა მთელი მატჩის განმავლობაში, რამაც მთლიანად თამაშზე მოახდინა გავლენა.

ბურთს გორაობა უჭირდა, რიგ ეპიზოდებში კი, ფეხბურთელებს ბურთის ნაცვლად, მინდორზე დაგუბებული წყლისთვის უწევდათ ფეხის მოქნევა. ერთ-ერთი ეპიზოდი სახალისოც კი გამოდგა, მასპინძელთა მეკარეს, თორნიკე ზარქუას სახიფათოდ დაურტყეს, მას კი, იმისთვის რომ ბურთს მიწვდომოდა, არა გადახტომა, ან გარბენი, არამედ წყალზე ერთგვარი გაცურვა მოუხდა და საკმაოდ მარტივადაც დაეუფლა ბურთს.

მიუხედავად ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, თამაში ძალიან საინტერესო გამოდა, სწრაფი ტემპითა და მრავალი საგოლე ეპიზოდით. რომ არა ზემოთ ნახსენები მიზეზები, ალბათ, უხვგოლიანიც გამოვიდოდა შეხვედრა.

ჯაბა დვალს, თამაშის სტარტზევე შეეძლო გუნდის წინ გაყვანა, მაგრამ მისი დარტყმული მძიმე გრუნტმა შეანელა და მოწინააღმდეგის კარის კიპერმა ადვილად შეძლო ბურთის მოგერიება.

მასვე, რამდენიმე წუთში ისევ შეეძლო გატანა, მაგრამ გვერდითა არბიტრმა, საკმაოდ საკამათო სიტუაციაში მას თამაშგარე დაუფიქსირა, არადა, ლიგა 2-ის ბომბარდირი, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა.

ბოლნისელები ფლობდნენ უპირატესობას, „მერანი“ კი მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდა. მე-11 წუთზე, მარტვილელთა გოლეადორმა, ტრეტიაკმა მორიგი გოლი მიითვალა და ანგარიში გახსნა - 0:1.

გიორგი მიქაძეს კი მე-18 წუთზე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. სერგი ორბელაძემ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი მოედანზე თავდამსხმელი, რევაზ ბარაბაძე გამოვიდა.

გაშვებული გოლის შემდეგ „სიონს“ ყურები არ ჩამოუყრია, უფრო გააქტიურდა და შეუტია მეტოქეს. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში, მსაჯთა ბრიგადა არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ხშირად ცდებოდნენ, განსაკუთრებით მკაცრები კი ისინი მასპინძელთა მიმართ იყვნენ.

პირველი ტაიმის ბოლოს კოკისპირული წვიმა დაიწყო, რის გამოც, მეორე ტაიმი რამდენიმე წუთის დაგვიანებით განახლდა.

„მერანი“ შეტევაში იყო, საჯარიმოს სიახლოვეს დაგუბებულ წყალში, მარტვილელი და ორი ბოლნისელი მცველი ბურთისთვის იბრძოდნენ, საბოლოოდ, ბრძოლა „მერანის“ გამარჯვებით დასრულდა, და საჯარიმოსკენ დაიძრა, შევიდა კიდეც, თუმცა, ამ დროს გაისმა მსაჯის სასტვენი და მან აღნიშნული გუბისკენ მიუთითა და ამ ეპიზოდის გამო გიორბელიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. „სიონი“ მინდორზე 10 კაცით დარჩა.

თუ ვინმეს ეგონა, რომ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი უპირატესობას დაკარგავდა, ასე ნამდვილად არ მომხდარა. ბოლნისელებს არც კი შეტყობიათ, რომ მოედანზე კაცნაკლულები იყვნენ და ისევ ისე მიიწევდნენ მიზნისკენ, მაგრამ ორჯერ მარტვილელთა მეკარემ, აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი, ერთხელ კი კირკიტაძეს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, რომელმაც მახვილი კუთხიდან, შორეული ძლიერი დარტყმით, მცირედით ააცილა ბურთი კარს.

თამაშის მიწურულს, ბოლნისელები საჯარიმოში წაქცეული მათი ფეხბურთელისთვის, პენალტის დანიშვნას ითხოვნდენ, თუმცა, მსაჯის სასტვენი, ისევე როგორც სხვა ეპიზოდებში, ამჯერადაც სდუმდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ბოლნისელებმა მხოლოდ ორი ყვითელი ბარათის გამომუშავება შეძლეს, დაფიქსირებული ფრის შედეგად კი, მეორე ადგილი დაკარგეს და ახლა მესამე პოზიციაზე იმყოფებიან 25 ქულით.

მეორე ადგილზე „რუსთავია“ 26 ქულით, რომელიც მიმდინარე სეზონში, პირველად გაერია ლიდერებში, „მერანს“ კი 30 ქულით პირველი ადგილი უკავია.скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.