WebNews.Ge - ვებ სიახლეები
ავტორიზაცია

12 ფეხბურთელი, რომელიც ღარიბ ოჯახში გაიზარდა

0
17-01-2018, 00:02 საზოგადოება
12 ფეხბურთელი, რომელიც ღარიბ ოჯახში გაიზარდა
რამდენიმე დღის წინ, შემოგთავაზეთ ტოპ-10 ფეხბურთელი, რომლებიც მდიდარ ოჯახში გაიზარდნენ და ისიც გითხარით, რომ ეს გაცილებით იშვიათი შემთხვევაა, ვიდრე სიღარიბიდან სუპერ-ვარსკვლავობამდე. თუმცა, მაინც ვინ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ღარიბ ოჯახში იზრდებოდნენ, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელებად იქცნენ?

ერთბაშად ორი ბრაზილიელი: რობინიო და რივალდო

"რეალის", "სიტის" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი სან-ვისენტეს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რაიონში დაიბადა და ბავშვობიდან ოჯახში საჭმლის პრობლემა ჰქონდა. თუმცა, 9 წლის ასაკში, ერთ-ერთ ტურნირზე ის პელემ შეამჩნია და შემდეგ თავადაც კარგად იცით ყველაფერი. სახელწოდება "ახალი პელე" და 100 მატჩი ბრაზილიის ნაკრებში. 

რივალდოს შემთხვევა შედარებით რთულადაა. ის ასევე, ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში იზრდებოდა, სადაც არ იყო დენი და წყალი. უჭმელობის გამო მას ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდა. 17 წლის ასაკში ბრაზილიელმა ავტოკატასტროფაში მამაც დაკარგა. საბედნიეროდ, იქიდან რამდენიმე თვეში რივალდომ თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, ათ წელიწადში კი, ოქროს ბურთიც მოიგო.

ალექსის სანჩესი და ანხელ დი მარია

ჩილელი პატარა ქალაქ ტოკოპილიაში დაიბადა, მისი მამა თევზაობდა და შესაბამისად, ოჯახიც თევზის გაყიდვიდან შემოსული თანხებით ცხოვრობდა. ალექსისის დედა ადგილობრივ სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა, რაც სანჩესს ძალიან არ სიამოვნებდა: "როდესაც ის სკოლას ალაგებდა მე ვიმალებოდი, რადგან მისი იქ ყოფნა არ მომწონდა." აღსანიშნავია, რომ ის თავადაც არ იყო უმუშევარი - თავისუფალ დროს ალექსისი მანქანებს რეცხავდა. 

რაც შეეხება არგენტინელს, ის ქვანახშირის მაღაროს დამლაგებლების ოჯახში დაიბადა და ცხოვრობდა შენობაში, რომელსაც სახლსაც კი ვერ უწოდებ, ცუდად იკვებებოდა და თავისუფალ დროს, მშობლების დახმარების მიზნით, თავადაც ალაგებდა მაღაროს. თუმცა, თითქმის 17 წლის ასაკში პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც 2 წელიწადში "ბენფიკაში" გადავიდა და პირველივე ხელფასიდან მშობლებს ნორმალური საცხოვრებელი უყიდა და მძიმე სამსახურის მიტოვება აიძულა.

რობერტო კარლოსი

კიდევ ერთი ბრაზილიელი, რომელიც სოფელში გაიზარდა. მისი მშობლები მთელი დღეებით მინდვრებში იმყოფებოდნენ, სადაც ყავას უვლიდნენ და ამაში კაპიკებს იღებდნენ. ამ ფულით ოთხი შვილის გამოკვება წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც, 12 წლის ასაკში რობერტო ქსოვილების საამქროში წავიდა სამუშაოდ და პარალელურად ფეხბურთსაც თამაშობდა. ერთ-ერთ გასართობ შეხვედრაში ის ადგილობრივი პროფესიონალური გუნდის სკაუტმა შენიშნა. შემდეგ კი, თავადაც კარგად იცით, როგორ წარიმართა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველის კარიერა.

ლუის სუარესი

ლუისიც ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა. ხოლო როდესაც 12 წლის ლუისი და მისი 6 დედმამიშვილი მამამ მიატოვა, ცხოვრება კიდე უფრო გაჭირდა, რადგან დედა დამლაგებელი იყო და ოჯახს არამარტო ბურთის, არამედ ფეხსაცმლის ფულიც კი არ ჰქონდა. თავის საყვარელ საქმიანობას ლუისი მხოლოდ ეზოში ეწეოდა, სადაც ის "ნასიონალის" სკაუტებმა შენიშნეს, 18 წლის ასაკში კი, მას პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი. შესაძლოა, მისი კბენები და ხშირი უცნაური ქცევა სწორედ მძიმე ბავშვობით არის გამოწვეული.

იაია და კოლო ტურე

აფრიკა ზოგადად ისეთი კონტინენტია, ყოველ შემთხვევაში, მისი "შავი" ნაწილი მაინც, რომელშიც მდიდარი ადამიანი ცოტაა და თუ ასეთი არის, მთელი დღე ფეხბურთს არავინ არ ითამაშებს. იაიაც, მათ შორის, ათ წლამდე ფეხშიშველი თამაშობდა. "ბუცები ძალიან ძვირიანი სიამოვნებაა და როდესაც ოჯახში შენს გარდა კიდე ექვსი ადამიანია, შენ კი ამბობ, რომ ბუცები გინდა, მამაშენი მზადაა მოგკლას. მაგრამ, მე არ ვწუწუნებ, ჩვენ ნორმალური, აფრიკული ოჯახი ვიყავით.. ცხოვრება ბრძოლა იყო." მხოლოდ 13 წლის ასაკში ბიჭები ადგილობრივი გუნდის სკაუტებმა შენიშნეს და აკადემიაში იხმეს. შემდეგ იაიას დიდი გზა ჰქონდა ბელგიის და საბერძნეთის ჩემპიონატების გავლით. კოლოს კი, კარიერა ასეთი წარმატებული არ ჰქონია, მაგრამ აღნიშვნის ღირსი მაინც არის.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა საუკუნის ბოლოს ფეხბურთი სამხრეთამერიკელთა სოციალური ლიფტი იყო, 21 საუკუნის დასაწყისში ის ასეთად აფრიკის კონტინენტისთვისაც იქცა.

კარლოს ტევესი

არგენტინელი დედამ ექვსი თვის ასაკში მიატოვა, ექვსი წლისას კი, კარლოსი მამის გარეშეც დარჩა, რომელიც ქუჩაში მოკლეს. საბოლოოდ, ბიჭუნა, მის ძმასთან და დასთან ერთად დეიდამ იშვილა, რომელიც კიდევ უფრო ღარიბად ცხოვრობდა თავის ოთხ შვილთან ერთად, მაგრამ სხვა გზა არ იყო. "ბაშვობაში ვცდილობდი, მარტო გარეთ არ გავსულიყავი, რადგან ეს ძალიან სახიფათო იყო. ისეც ხდებოდა, რომ ღამ-ღამობით ტყვიები ჩვენ ფანჯრებში აღწევდა, ჩვენ კი ძირს ვეცემოდით და ვლოცულობდით, მეორე დღეს კი, მე, თითქოს არაფერი არ მომხდარა სკოლაში მივდიოდი და ხშირად გვერდს ვუვლიდი წინა ღამით მოკლული ადამიანების სხეულებს." საერთოდაც, ეს საოცარი ისტორიაა, რომ ასეთი ბავშვობის შემდეგ, სრულიად ნორმალური და გაწონასწორებული ადამიანი გაიზარდა. 

რონალდო 

ბრაზილიელის ნიჭი ისეთი დიდი იყო, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვობაში შენიშნეს "ფლამენგოს" სკაუტებმა, რომელში თამაშზეც "ფენომენი" ოცნებობდა. თუმცა, "კიჭას" ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ შვილს გზის ფული ვერ დაუფინანსა, არადა, "ფლამენგოს" სავარჯიშო ბაზა ქალაქის მეორე ნახევარში იმყოფებოდა. საბოლოოდ, რონალდო სუსტი კლუბის "სან-კრისტავანის" მცირე სკოლაში მივიდა, რომელიც მის სახლთან ახლოს იყო. საბედნიეროდ, უკვე 17 წლის ასაკში რონალდო "კრუზეირომ" დაიმატა, სადაც ფეხბურთელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და ყველა ტურნირის ბომბარდირი გახდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. შემდეგ, ევროპაში წასვლა, 2 ოქროს ბურთი და 2 მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო. წარმოიდგინეთ, რა კარგია, რომ რონალდოს სახლის სიახლოვეში ის ღარიბი და სუსტი სკოლა მაინც აღმოჩნდა. რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი საქმეში არც არასოდეს არ გვენახა. 

ზინედინ ზიდანი

"ზიზუ" ტიპიური ფრანგული მიგრანტების ოჯახიდან იყო. ალჟირში ისინი ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდნენ და არც იყო გასაკვირი, რომ უკეთესი ცხოვრების ძიებაში, ოჯახმა საფრანგეთს მიაშურა. სწორედ იქ დაიბადა ზინედინი, ხუთი შვილიდან უმცროსი. როგორც ხშირად ხდება, ზიდანი ყველაზე გათამამებული ბავშვი იყო, ხშირად მთელ დღეებს ქუჩაში ატარებდა და მარსელის ქუჩური ცხოვრების სტილს ისისხლხორცებდა. 14 წლის ასაკში კი, ის სკაუტებმა შენიშნეს და საფეხბურთო ინტერნატში წაიყვანეს. თან, მშობლებს დაპირდნენ, რომ ბავშვს კარგი პირობები ექნება საცხოვრებლად და განათლების მისაღებად. თუმცა, ქუჩაში გატარებული ბავშვობის გამო, ზიდანს სწავლა საერთოდ არ სურდა და ხშირად ამის გამო შენიშვნებსაც იღებდა. ამ ისტორიაში ყველაზე დიდი როლი "ზიზუს" მომავალმა მეუღლემ, ვერონიკმა შეასრულა, რომელიც საპატიო ოჯახიდან იყო და მასთან ერთად ფეხბურთელმა 19 წლის ასაკში დაიწყო ცხოვრება. დროთა განმავლობაში, გოგონამ ფრანგს "ჭკუა ასწავლა" და ცხოვრების ფასეულობები დაანახა. რას მიაღწია ამის შემდეგ ზიზუმ, ამის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუმცა, ქუჩის მენტალიტეტი ფეხბურთელ ზიდანს მუდამ ეტყობოდა, რად ღირს მხოლოდ მისი ქცევები მოედანზე, თანაც, კარიერის წერტილიც მან ზუსტად ისეთი დასვა, როგორიც შეიძლებოდა დაესვა მარსელის ქუჩებში გაზრდილ ადამიანს.

კრიშტიანუ რონალდუ

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მადეირას ერთ-ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. დედამისი სასადილოში მუშაობდა, მამა კი - ბუჩქებს კრეჭდა. ოჯახს ფული სამი შვილის გამოკვებაზეც არ ჰყოფნიდა და როდესაც მათ მეუღლის მეოთხე ფეხმძიმობის შესახებ შეიტყვეს, უმალვე მის აბორტის დახმარებით მოშორებაზე დაფიქრდნენ. თუმცა, ოჯახმა გადაწყვეტილება ბოლო წამს შეცვალა და სამყაროს მოევლინა ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. თუმცა, თავიდან კრიშტიანუს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ერთ ოთახში, დედასთან და ორ დასთან ცხოვრობდა და ყველასთვის იმის დამტკიცების სურდა, რომ არავის არაფრით არ ჩამოუვარდება. თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ღარიბი იყო, მამა კი ალკოჰოლის მიღებით იყო შეპყრობილი. ბიჭუნას ბავშვობაში სათამაშოებიც არ ჰქონია. თუმცა, ოჯახს არ სურდა ამის სახალხოდ ჩვენება და ამიტომ, ცდილობდნენ ბავშვებისთვის სათანადო ტანსაცმელი შეერჩიათ. არცაა გასაკვირი, რომ რონალდუს თანატოლებთან ურთიერთობა არ გამოსდიოდა, ხოლო როდესაც ის სპორტინგის სკოლაში წაიყვანეს, ახალ კოლექტივთან შეგუება ძალიან გაუჭირდა. 

სულ ახლახანს, ლისაბონური გუნდის კომენდანტის დისციპლინარული დღიური იპოვნეს, სადაც წერია: "ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თანაგუნდელს ცივი ჩაის ქილა მოპარა, ხოლო თანაკლასელს, ემილიას - ორი იოგურტი. გარდა ამისა, მან ნებართვის გარეშე, რუი ლოპეშის საჭმელი შეჭამა." დროთა განმავლობაში, რონალდუ ხალხს შეეჩვია, თუმცა, ადაპტაციაში მას დაეხმარა ის, რომ მოედანზე აშკარად საუკეთესო იყო და ამას ვერავინ ვერაფერს ვერ უპირისპირებდა. საბოლოოდ, რა გამოვიდა აქედან და ვინ გახდა კრიშტიანუ რონალდუ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მოგწონთ ის, თუ გძულთ, ფაქტი ერთია - პორტუგალიელმა ფეხბურთის ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა.

скачать dle 12.0

გაუზიარეთ მეგობრებს Facebook-ზე ეს სიახლე

Facebook - კომენტარები
რეკომენდირებული სიახლეები

Information
Users of სტუმარი are not allowed to comment this publication.
ავტორიზაცია
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.3 бесплатно