რელიგიური ორგანიზაციის შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება - გირჩი თავის კრიპტოვალუტასაც ქმნის. როგორც On.ge-სთვის გახდა ცნობილი, პარტია ამ გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვას გეგმავს.

პარტიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ შექმნილ კრიპტოვალუტას თანაბრად დაურიგებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, პარტიის გეგმაა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პლატფორმის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ბლოკ-ჩეინის ტექნოლოგიაზე.

"გირჩისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია არსებობის ისტორიაში, რადგან ასე ერთდროულად ვწყვეტთ რამდენიმე ამოცანას: სახელმწიფოს მიერ მითვისებული აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნებასა და სახელმწიფოს ხელში არსებული მონეტარული პოლიტიკის ბერკეტების გაუვნებელჰყოფას", - ამბობენ პარტიაში.

გირჩის მიზანი

"ამ ფულის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ქვეყანაში არსებული ათეულობით, და შესაძლოა, ასეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივის გაცოცხლებას, უკან დაბრუნებას ანუ ახალი საკუთრების დაუფლებას და შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას", - აცხადებენ პარტიაში და დასძენენ, რომ:

  1. საქართველოში გაჩნდება ახალი მესაკუთრეების დიდი ჯგუფი;
  2. ყველა მოქალაქე სწრაფად გამდიდრდება;
  3. საკუთრების უფლება გაფართოვდება და აქტივების ღირებულება პერმანენტულად გაიზრდება;
  4. მიმოქცევაში გაჩნდება ელექტრონული ფული, რომელიც გაცილებით სტაბილური იქნება ვიდრე ლარი და დაცული იქნება გაუფასურებისგან.

როგორ იქნება შესაძლებელი კრიპტოვალუტით ქონების ყიდვა

გირჩი აპირებს ალტერნატიულ საჯარო რეესტრის შექმნას, სადაც ადამიანებს შეეძლებათ კრიპტოვალუტით ნაყიდი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, რეგისტრაცია.

"გირჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს რეესტრი გახდება არსებული რეესტრის შემადგენელი ნაწილი, ანუ ადამიანებს დაუკანონდებათ ქონება, რომელიც იმ მომენტისთვის იქნება მათ საკუთრებაში და ასახული იქნება გირჩის სარეგისტრაციო სისტემაში", - ამბობენ პარტიაში.

როგორც გირჩში ამბობენ, ახლა პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებთან და ტექნიკურ სპეციალისტებთან კონსულტაციებს მართავენ.