WebNews.Ge

40 ყველაზე გავრცელებული სიზმარი და სიმბოლოების ფსიქოლოგიური ახსნა

40 ყველაზე გავრცელებული სიზმარი და სიმბოლოების ფსიქოლოგიური ახსნა

სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერი რეაგირებაა სხვადასხვა მოვლენებზე. ყველა ვხედავთ სიზმრებს, მაგრამ 90 პროცენტი გვავიწყდება. უმჯობესი იქნება თუ საწოლთან კალამსა და ფურცელს დავიდებთ და ჩავიწერთ ხოლმე რაც დაგვესიზმრა, თანაც დეტალურად. დღიურის წარმოებაც მშვენიერი აზრია.

თუკი საერთო ჯამში პოზიტიური სიზმრები გაქვთ, ნიშნავს რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შიგნით ყველაფერი დალაგებული გაქვთ.

თუკი ნეგატიური სიზმრები გაწუხებთ, მათ დაკვირვება და ახსნა სჭირდება. იგი თქვენი ქვეცნობიერის მიერ გამოგზავნილი მესიჯებია, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

თუკი კოშმარებით იტანჯებით და თან სისტემატური სახე მიიღო ამან, საჭიროა დღის განრიგის გადახედვა, რას აკეთებთ? ყოველგვარ ნეგატივს ტელევიზორიდან მოსმენილს, ინტერნეტ-საშუალებებიდან მიღებულს თუ სტრესს, ინფორმაციას, რომლის მიღებაც არ სურს – ცნობიერი ქვეცნობიერში გადაუძახებს ხოლმე და მერე ეს ყველაფერი სიზმრების სახით ვლინდება. არასოდეს დაიძინოთ ჩართულ ტელევიზორთან! ნეგატიური აზრებიც კოშმარების სახით ვლინდება, საშინელებათა ფილმებიდანაც ვიხვევთ ხოლმე ფრაგმენტებს და მერე ფორმაცვლილს ვატრიალებთ.

ხანდახან სიზმრები მეორდება, მაგალითად ხშირად ვხედავთ სიზმარს თითქოს ვვარდებით, თითქოს ტალღა გვეჯახება, თითქოს ფრენა შეგვიძლია, მოგვდევენ და ა.შ. ყველა სიმბოლოს  თავისი მნიშვნელობა აქვს სიზმარში და თანაც ძალიან ბევრი მნიშვნელობა, ჩვენ მათ შორის ყველაზე გავრცელებულებს შემოგთავაზებთ:

 

  1. როცა შველა გვინდა და ხმა არ გვაქვს; ვერ ვყვირით ან ვერ ვლაპარაკობთ – ეს ნიშნავს რომ რეალურ ცხოვრებაში საკუთარი აზრის გამოხატვის პრობლემა გაქვთ, რადგან გეშინიათ რომ არ მოგისმენენ, ვერ გაგიგებენ ან არასწორად აღიქვამენ.
  2. ტრანსპორტი – ტრანსპორტი ეს თქვენ ხართ. მასზე კონტროლი გაქვთ დაკარგული? ეს ნიშნავს რომ ზედმეტი გადატვირთვა მოხდა ემოციურ დონეზე, რამაც ქვეცნობიერში გააჩინა შიში იმისა, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებთ. შესაძლოა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაც გქონდეთ. თუკი მგზავრი ხართ უბრალოდ, მაშინ ნიშნავს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე სხვის ხელშია თქვენი ცხოვრების მართვის სადავეები, სხვა აკონტროლებს, ან შესაძლოა უბრალოდ შიშიც იყოს ამის, გეშინოდეთ, ვინმემ არ გაგაკონტროლოთ.
  3. წყალი – ეს ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, სიტუაციას გააჩნია. თუკი იძირებით, ან იხრჩობით, ეს მძლავრი ემოციებია, რაღაცას ძალიან განიცდით. თუკი წყალში ყოფნა გსიამოვნებთ, უყურებთ მშვიდ ნაპირს, მაშინ ქვეცნობიერ დონეზე ძალიან მშვიდად ხართ. თუკი წყალი ღელავს მაშინ ქვეცნობიერ დონეზე რაღაცის მიჩქმალვას ცდილობთ, რაღაცის ჩახშობას თქვენში. წყალდიდობა ნიშნავს ემოციების სიჭარბეს, რომელზეც კონტროლი სრულიად დაკარგეთ.
  4. გამოდევნება – თუკი გესიზმრებათ რომ ვიღაც მოგდევთ, ეს ნიშნავს რომ რაღაც სიტუაციის არიდებას ცდილობთ რეალურ ცხოვრებაში. შესაძლოა ეს იყოს პასუხისმგებლობის, მოსალოდნელი კრახის შიშიც. ეს ნიშნავს, ამჟამინდელ არახელსაყრელ პირობებსაც და ბავშვობაში მიღებულ, ქვეცნობიერში გადასროლი ტრავმებსაც, რომელთაც ამოქექვა და გაცნობიერება სჭირდება. სიზმარში თქვენი რეაქციებიც რეალურ ცხოვრებაში თქვენს რეაქციებზე მიუთითებს. გარბიხართ იმის მაგივრად რომ დარჩეთ და წინააღმდეგობა გაუწიოთ? თქვენ პრობლემებს გაურბიხართ და მოუგვარებლად ტოვებთ მათ.
  5. ასაკი – ახალგაზრდა თუ გესიზმრებათ საკუთარი თავი, ნიშნავს რომ დაკარგულ შესაძლებლობაზე დარდობთ. თუკი ასაკოვანი გესიზმრებათ, ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებს. თუმცა ზოგადად ასაკოვანი ხალხის ნახვა, კარგ სიზმრად ითვლება, წარმატებაზე მიუთითებს.
  6. აპოკალიპსი – სამყაროს დასასრულის ნახვა სტრესზე მიუთითებს, სულიერ ტკივილზე. შესაძლოა დრამატული ცვლილებების მაუწყებელიც გახლდეთ და ახალი დასაწყისის.
  7. ბავშვი – ბავშვიც რაღაც ახლის დასაწყისის სიმბოლოა, უმეტეს შემთხვევაში ახალი რომანის დაწყებაზე მიუთითებს. თუკი სიზმარში ნახავთ ბავშვს, რომელიც ცუდად გელაპარაკებათ, მაშინ თქვენში არსებულ შინაგანი ბავშვის ხმისთვის მოსმენა უნდა ისწავლოთ.
  8. სიკვდილი – თუკი საყვარელი ადამიანის სიკვდილი გესიზმრებათ, ეს ნიშნავს რომ მის სიკვდილთან შეგუება არ გსურთ, ვერ იღებთ ამ ფაქტს. თუკი საკუთარი სიკვდილი გესიზმრებათ, საკუთარ მოკვდავობასთან შგუება არ გსურთ, ამ ფაქტის მიღება არ გინდათ.
  9. მანქანის მართვა – მანქანა ეს თქვენ თავად ხართ, მისი მართვა მიუთითებს იმაზე თუ როგორ მართავთ საკუთარ თავს, იმორჩილებთ თუ ვერა, იცით მართვა თუ არა და ა.შ. ამ სიზმრიდან რაც შეიძლება მეტი დეტალი უნდა დაიმახსოვროთ, ყველაფერი აუცილებლად ჩაიწერეთ.
  10. მანქანის მართვა და ვერაფრის დანახვა – ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების გზა და მიმართულება ცოტა გაურკვეველია. ამ ეტაპზე ამბიცია გაკლიათ და მიმართულება გაქვთ დაკარგული. თუნდაც გეჩვენებოდეთ რომ ახლა სწორ გზაზე დგახართ, მაშინ მომავალ ცვლილებებზე მიუთითებს. მალე სავარაუდოდ სულ სხვა ცხოვრებისეულ რელსებზე გადადგებით.
  11. ლიფტი – თუკი ქვემოთ ეშვება, არც ისე პოზიტიური ნიშანია – სოციალური სტატუსის, კეთილდღეობის, სამსახურის, მეგობრების და ა.შ. დაკარგვაზე შეიძლება მიუთითებდეს. თუკი ზემოთ ადის, მაშინ პირიქით დაწინაურებაზე და წარმატებებზე შეიძლება მიუთითებდეს. მეტაფიზიკაში ლიფტის ქვემოთ დაშვება ამ სამყაროში ინკარნაციის სიმბოლოა, ზემოთ ასვლა კი ახალ განზომილებაში გადასვლის.
  12. გამოცდები – ეს, როგორც წესი, სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტში, ან სამსახურში გამოცდების წინა ნერვიულობებს ახლავს ხოლმე, თუმცა შეიძლება ურთიერთობებში პრობლემებზეც მიუთითებდეს – გაქვთ შეგრძნება რომ ვიღაც გამუდმებით განგსჯით. შეიძლება ეს იყოს წარუმატებლობის შიშიც, შეუსრულებელ ვალდებულებებზე ნერვიულობაც. თუკი გამოცდაზე თაღლითობას ცდილობთ, მაშინ საკუთარ თავთან გულწრფელი არ ხართ და რაღაც საკითხში თავის მოტყუებას ცდილობთ.
  13. ვარდნა – ეს საკუთარ ცხოვრებაზე (ან ცხოვრების რომელიმე სფეროში) კონტროლის დაკარგვის მაუწყებელია, თქვენ თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოგაცალეს.
  14. ფრენა – თუკი ფრენის შეგრძნება მოგწონთ, ტიპურ გამოვლინებაში ეს მიწიერი შეზღუდვებისგან გათავისუფლების სიმბოლოა. კიდევ იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ რაღაც გამოწვევა მიიღეთ და როგორც იქნა გადაჭერით პრობლემა, რომელიც ძალიან დიდი ხანია გაწუხებდათ. თუკი ფრენა გაშინებთ, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოახლოებულ ცვლილებებზე მიუთითებს, ან იმაზე, რომ პროგრესს, შემდეგი ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებთ. მეტაფიზიკაში ფრენის სიზმრები უმაღლეს ცნობიერთან დაკავშირებას და სულიერ თავისუფლებაზე მიუთითებს.
  15. საჭმელი – ეს ცოდნის წყურვილზე მიუთითებს. უკანასკნელ ხანებში შესაძლოა რამე ახალი საკითხით დაინტერესდით, რის შესახებაც უფრო მეტის გაგება გსურთ. საკვები მიუთითებს იმაზეც, თუ როგორ გრძნობთ თავს ურთიერთობაში. როგორი გემო აქვს საჭმელს? სიამოვნებას იღებთ მისგან?
  16. პარალიზება, მოძრაობის უუნარობა – ეს ნიშნავს, რომ ისეთ ურთიერთობაში ან საქმეში გაებით, თავს რომ ვერ აღწევთ. ან საკუთარი თავის გამოხატვა გიჭირთ და ამას განიცდით. მეტაფიზიკურად ეს სიზმარი ამ სამყაროდან გასვლის მოთხოვნილებაა.
  17. ჭიშკარი – ეს ან ბარიერია, ან შესასვლელი. ღია ჭიშკარი, ან ჭიშკარში გასვლა რაღაც ძველის დასასრულზე და ახლის დასაწყისზე შეიძლება მიუთითებდეს, რაღაც ძალიან მნიშნელოვანის. დაკეტილი ჭიშკარი, ან ის ფაქტი რომ მასში გასვლას ვერ ახერხებთ ბარიერებს ნიშნავს. მოკლედ, თავადაც მიხვდებით ინტერპრეტაციას, შეგიძლიათ ამით სიტუაციის მომავალი განვითარება იწინასწარამეტყველოთ. მეტაფიზიკაში ჭიშკარი ცნობიერების სხვა განზომილებაში შესასვლელის სიმბოლოა, ან მატერიალურიდან სულიერ სამყაროში გადასვლის.
  18. გოლიათები – გოლიათების ნახვა რეალურ ცხოვრებაში გადაულახავ სირთულეებზე მიუთითებს. თუ მასთან გამკლავებას მოახერხებთ, ეს დიდი წარმატებაა.
  19. იარაღი – ეს უსაფრთხოების მოთხოვნილებაა, დაუცველობის შეგრძნება რეალურ ცხოვრებაში. იარაღი მამაკაცურობის აგრესიის სიმბოლოა. ფროიდისეულ ფსიქოლოგიაში იარაღი მამაკაცის სასქესო ორგანოს სიმბოლოა და მისგან სროლა სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
  20. თმა – ლამაზი, ხშირი და ჯანსაღი თმები სქესობრივი სიჯანსაღის, სიმხნევის ნიშანია, თმის ცვენა და გამელოტება კიდევ ლიბიდოსთან დაკავშირებული პრობლემების.
  21. ხელები – მარცხენა ხელი ფემინინური ნაწილის სიმბოლოა, მარჯვენა მასკულანურის. თუკი ხელს იშავებ, ეგოსთან დაკავშირებული პრობლემების მაუწყებელია. შეიძლება მიუთითებდეს იმაზეც, რომ ვიღაც სხვა მიაღწევს წარმატებას იმით, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა. თუკი საკუთარი ხელები გეპატარავებათ, ეს შეიძლება მოსალოდნელ ხიფათად გამოვლინდეს. თუკი საკუთარ ხელებს ვერ ხედავთ, ნიშნავს რომ რაღაც სფეროზე კონტროლს ჰკარგავთ რეალურ ცხოვრებაში. თუკი ხელები გაქვთ დასვრილი, მაშინ ეჭვიანობის პრობლემები გაქვთ მოსაგვარებელი საკუთარ თავში. თუკი სუფთა ხელები გაქვთ, ეს საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების გამოხატულებაა.
  22. სახლები – სახლიც თქვენ ხართ, როგორც მანქანა, თუნდაც სახლში ან მანქანაში იყოთ. თუკი ბავშვობის სახლი გესიზმრებათ, ეს ნიშნავს რომ ბავშვობის ხანაში დაბრუნება გინდათ, რადგან პასუხისმგებლობები ძალიან გტვირთავთ და გენატრებათ დრო, როცა გაცილებით მარტივად უყურებდით ყველაფერს.
  23. ავადმყოფობა – ნიშნავს რომ ქვეცნობიერად რაღაცაში დარწმუნებული არ ხართ.  შეიძლება მიტოვებულად გრძნობდეთ თავს. ეს საკუთარი თავის სიბრალულია და დარდი იმაზე რომ არავინ ზრუნავს თქვენზე.
  24. მწერები – მწერებიც უსიამოვნო შეგრძნებებია. ქვეცნობიერში რაღაც გაწუხებთ. ეს შინაგანი ბრძოლებია სიზმრის სამყაროში მწერებად ხორცშესხმული.
  25. კიბე – უფრო მაღალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილი (კარიერის თვალსაზრისით განსაკუთრებით). მეტაფიზიკაში კიბე დნმ აქტივაციის სიმბოლოა, ყველა შესაძლებლობის გახსნის სიმბოლო.
  26. კიბის საფეხურები – კიბეებზე ასვლა ან ჩასვლა სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაუარესებაა. მეტაფიზიკურად იგი სულიერების ახალ საფეხურზე ასვლასაც შეიძლება ნიშნავდეს.
  27. დაგვიანება – ეს ნიშნავს რომ რაღაც ცვლილებებს ელოდებით, რაღაც ძალიან დიდს და გრანდიოზულს და ერთი სული გაქვთ როდის დადგება ეს დრო. მეტაფიზიკურად, სული დროის გარეშე ცხოვრობს და როცა დაგვიანების შეგრძნება გაქვთ სიზმრად, ეს ნიშნავს რომ სულიც სამგანზომილებიან რეალობაში რჩება.
  28. ლატარია – ლატარიის მოგება ფინანსური პრობლემებისგან გათავისუფლების დაუძლეველი მოთხოვნილებაა. მეტაფიზიკურად კი ბედზე, განგებაზე მინდობის სიმბოლო.
  29. ჯადოქრობა – ეს მოულოდნელი ცვლილებებია და თანაც ძალიან სასიამოვნო
  30. ფული – ფულის ნაკლებობა სიზმარში რეალურ ცხოვრებაში ღირსების გრძნობის დაკარგვაზე მიუთითებს. ბევრ ფულის დასიზმრება ძალაუფლების სიმბოლოა.
  31. მთები – მთებზე ცოცვა დაბრკოლებების დაძლევაა.
  32. სიშიშვლე – თუ ამას განიცდით, ეს კომპლექსებია, თქვენ ძალიან დარდობთ საკუთარ იმიჯზე, იმაზე თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. შეიძლება მიუთითებდეს იმაზეც, რომ რაღაცას მალავთ და გეშინიათ საკუთარი ნამდვილი სახის გამოჩენის. თუკი პირიქით კმაყოფილი ხართ სიშიშვლით, ეს ყურადღების მიქცევის სურვილია, ან კიდევ სექსუალური მოთხოვნილებები.
  33. სიყვარული – ეს თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობების მაჩვენებელია, ამჟამინდელი სტატუსის, სურვილების. იგი კმაყოფილებაცაა. თუკი ამ სიზმარში ნეგატიური შეგრძნებები გაქვთ, მაშინ ის შიშებზე მიუთითებს.
  34. შენელებული სირბილი – ეს თავდაჯერების პრობლემებზე მიუთითებს, თქვენ საკუთარი თავის რწმენა გაქვთ შერყეული. შესაძლოა რთული პერიოდი გქონდეთ და ამას განიცდიდეთ.
  35. სკოლა – ნებისმიერი სახის შენობა და ტრანსპორტი ეს თქვენ თავად ხართ. სკოლა ნიშნავს, რომ საკუთარი თავის შესწავლას ცდილობთ, საკუთარ თავში გარკვევას. თუკი სკოლის პირველი დღე გესიზმრებათ, რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, ნიშნავს რომ გარემომცველ სამყაროსთან შეგუების საკითხებზე ნერვიულობთ.
  36. სექსი – ეს ინტიმის და სიახლოვის მოთხოვნილებაა. სხვებზე ძალაუფლების მოპოვების სურვილი. თქვენს რეალურ პარტნიორთან სექსის დასიზმრება – სტაბილურობას, სიყვარულს, ჰარმონიას, სიახლოვეს მოასწავებს ამ ადამიანთან.
  37. კბილები – ეს სიბერის შიშია, განსაკუთრებით კბილების დაკარგვა. გარდა ამისა კომპლექსებია, შეიძლება გარეგნობასთან დაკავშირებით რამეს განიცდიდეთ, საკუთარი თავი არც ისე მიმზიდველი გეჩვენებოდეთ და ქვეცნობიერმა ამ განცდას ასეთი ფორმა მისცეს.
  38. დამწყვდეული ყოფნა – ეს შეზღუდულობის შეგრძნებაა საქმეში, კარიერაში, პირად ურთიერთობებში, ან ჯანმრთელობის პრობლემებიც. შეიძლება მიღებული გადაწყვეტილების სინანულიც იყოს, ან გადაწყვეტილების მიღების შიში.
  39. უცხოპლანეტელები – ეს ცხოვრებისეული მიზნის პოვნისკენ სწრაფვას ნიშნავს, კიდევ შეუცნობელისკენ სწრაფვას.
  40. ამინდი – ეს ძალიან ყურადღების მისაქცევი სიზმარია, რადგან მთლიანად ჩანს თქვენი საერთო განწყობა და ემოციური მდგომარეობა. მაგალითად, ნისლი დაბნეულობაა, არეულობა, წვიმა – დეპრესიაზე მიუთითებს, ან განწმენდასაც შეიძლება ნიშნავდეს, თუ სასიამოვნო შეგრძნებები ახლავს თან. მზიანი დღე და მოწმენდილი ცა ბედნიერების განცდაა და ნიშნავს რომ სიტუაციას თავად აკონტროლებთ.

თავდაცვით მექანიზმები ხშირად პრობლემის გაცნობიერების საშუალებას არ გვაძლევენ, ჩვენ გვიჭირს რაღაც-რაღაცეებისთვის თვალის გასწორება, გაუცნობიერებელი პრობლემები კი მერე, ,,ჩვენს წინაშე დგება როგორც მოვლენა“ (იუნგი). ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენი ქვეცნობიერს ოინებია, თუ გვინდა ჩვენი ცხოვრება ვმართოთ, ქვეცნობიერში დალექილი სურვილების, მოთხოვნილებების და შიშების გაცნობიერება უნდა მოვახდინოთ.

სიზმრები ჩვენ ქვეცნობიერში ჩახედვის საშუალებას გვაძლევენ, რაც თავისთავად პრობლემების გაცნობიერების და მათზე მუშაობის შანსია. ასე რომ, არ არსებობს ცუდი სიზმარი და კარგი სიზმარი, ეს უბრალოდ თქვენი ქვეცნობიერის რეაქციებია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მათი ცნობიერში ამოტანა და ანალიზი უნდა მოვახერხოთ და მერე მოვახერხებთ საკუთარი ცხოვრების მართვასაც.

скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.