WebNews.Ge

“კანონიერი ქურდი” თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტოკოლაჟი)

“კანონიერი ქურდი” თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტოკოლაჟი)

პირველ ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ გიორგი გიორგაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გია თბილისკის“ სახელით იცნობენ.


გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცავები სასამართლოს ეზოშივე დახვდნენ და, სავარაუდოდ, მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. ამ დროისთვის გიორგაძე საქართველოში აღარ იმყოფება.


სასამართლოში მის მიმართ განაჩენის გამოცხადება არაერთხელ გადაიდო და ეს თავად განსასჯელის მიზეზით მოხდა. „კანონიერმა ქურდმა“ მოსამართლე გიორგი ებანოიძეს ციხიდან რამდენჯერმე შემოუთვალა, რომ ჩანიშნულ დღეს მას არ ეცალა და სხდომა სხვა დროისთვის დაენიშნა.
საბოლოო განაჩენი მოსამართლემ პირველ ივნისს გამოაცხადა, თუმცა მანამდე ბრალდებულს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის უფლება მისცა. „კანონიერი ქურდი“ საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა.


„რას მედავებიან, აზრზე არ ვარ. რაც დავაშავე, მე ადრე მაგაზე „ვიჯექი“ და მოვიხადე „სროკი“. ასე როგორ შეიძლება?! სააკაშვილმა რაღაც სულელური „ზაკონი“ შემოიღო და თქვენ ისევ ამ „ზაკონით“ გვასამართლებთ, თუ რა ხდება, ვერ გავიგე? თვითონ სააკაშვილი და მაგის მთელი „სასტავი“ ახლა „როზისკშია“ და მე მაგათი „ზაკონებით“ რატომ უნდა გამიშვათ ციხეზე, როცა არაფერი დამიშავებია“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში გიორგი გიორგაძემ.
მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ დაუმტკიცდა და სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა.


გიორგი გიორგაძე ამჟამად 55 წლისაა. ის „კანონიერ ქურდად“ ჯერ კიდევ 1981 წელს, 19 წლის ასაკში აკურთხეს. 2014 წელს მის მიერ „კანონიერ ქურდად“ ხელდასხმულ იქნა დავით გერლიანი (დათო სვანი), რომელიც, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ზუსტად იმავე დარბაზიდან გაათავისუფლეს. გერლიანი 2016 წელს ოდესიდან გამოამგზავრეს, ისე რომ უკრაინელმა კოლეგებმა ქართველ სამართალდამცველებს არაფერი აცნობეს. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უპრობლემოდ გადმოლახა, რაც ლამის პოლიტიკურ სკანდალად იქცა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ქურდების მიმართ ლოიალურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კრიმინალური სამყაროს ლიდერები თავისუფლად გადაადგილდებიან. ხელისუფლებამ კი მომხდარი „ოდესელების პროვოკაციად“ მონათლა, გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ, ძალოვან უწყებებს კი მთლიანად მისი გარემოცვა აკონტროლებდა. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ უკრაინულმა მხარემ დავით გერლიანის ოდესიდან საქართველოში დეპორტაცია პოლიტიკური სკანდალის გამოწვევის მიზნით, შეგნებულად დამალა.


საქართველოში გერლიანის, ისევე როგორც მისი „ნათლიმამის“, გიორგი გიორგაძის ინტერესებს ადვოკატი თამარ აბესაძე იცავდა. მათ გარდა, სასამართლო დარბაზებიდან კიდევ არაერთი „კანონიერი ქურდი“ განთავისუფლდა, მათ შორის გიორგაძის უახლოესი მეგობარი რევაზ ლორთქიფანიძე.
როგორც ჩანს, პრაქტიკაში აღარ მუშაობს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი, რომელიც „კანონიერ ქურდობას“ დასჯად ქმედებად განიხილავს. რატომ შეცვალა სასამართლომ მიდგომა „კანონიერი ქურდების“ მიმართ და რატომ ათავისუფლებენ დარბაზებიდან ერთმანეთის მიყოლებით კრიმინალური სამყაროს ლიდერებს, რომლებსაც სასამართლოდან პირდაპირ საზღვარზე მიაცილებენ და ქვეყნის დატოვებას სთხოვენ? ამის გასარკვევად ჩვენ ადვოკატ თამარ აბესაძეს ვესაუბრეთ:
– ადამიანის დასჯა მხოლოდ მისი სტატუსის გამო დაუშვებელი და უკანონოა. თუ მას დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ანუ დანაშაულებრივი ქმედება თუ არ იკვეთება, ცხადია, არ არსებობს დამნაშავეც. წინა წლებში, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ხდებოდა „კანონიერი ქურდობისთვის“ პირის გამტყუნება.
– ანუ კანონი უშვებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ატარებს „კანონიერი ქურდის“ სტატუსს, მაგრამ ქმედითი დანაშაული არ უმტკიცდება, უპრობლემოდ შემოვიდეს ქვეყანაში და იცხოვროს?
– დიახ. თუ მას არ ექნება ჩადენილი ქმედებაში გამოხატული დანაშაული, კანონით ის არის თანასწორი ნებისმიერ ჩვენგანთან. მას შეუძლია, ჩამოვიდეს, თავისუფლად გადაადგილდებოდეს და ცხოვრობდეს ქვეყანაში, მანამ სანამ უშუალოდ დანაშაულს არ ჩაიდენს.
– სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ხომ არ წაახალისებს ორგანიზებულ დანაშაულს?
– არანაირად. ორგანიზებულ დანაშაულს უნდა ებრძოლო კანონით. ასეთ დანაშაულზე მტკიცებულებების მოპოვება არ არის რთული. თუ იქნება მტკიცებულებები, შესაბამისად, მოხდება დასჯაც, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ შენ ქურდის სტატუსის მატარებელი ხარ, ამ პრინციპით ადამიანების დაპატიმრება, ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
– გიორგი გიორგაძეს სასამართლოს ეზოშივე ელოდებოდა სამართალდამცავთა ესკორტი, რომელმაც, ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის დატოვება მოსთხოვა… ასე მოხდა დავით გერლიანის შემთხვევაშიც, რომლის ინტერესებსაც ასევე თქვენ იცავდით… თუკი ადამიანს სასამართლო უდანაშაულოდ აცხადებს, მაშინ რატომღა ეზღუდებათ ქვეყანაში ცხოვრების უფლება?
– დიახ, ჩემი ინფორმაციითაც, გიორგი გიორგაძემ ქვეყანა უკვე დატოვა. სამწუხაროდ, გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ეს ადამიანები იძულებულნი ხდებიან, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად სიტუაციას გაერიდონ. ზოგი ამას საკუთარი სურვილით აკეთებს, ზოგს კი პირდაპირ საზღვრისკენ მიუთითებენ.


– ეს ადამიანები თავადაც არ უარყოფენ „კანონიერ ქურდობას“… მაშინ, რა უშლის ხელს მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას?
– თქვენ რომ ტერორისტობა აღიაროთ, ამ ვერბალური აღიარების გამო ტერორიზმისთვის უნდა გაგასამართლონ? იმის გამო, რომ გარკვეულ პირთა წრე მოიხსენიებს, როგორც „კანონიერ ქურდს“, აი, ამ შეხედულების გამო, როგორ უნდა გაასამართლო ადამიანი?! ოფიციალურად არსად წერია, რომ ეს ადამიანი არის „კანონიერი ქურდი“, არ არსებობს ამის დასტური, გარდა ადამიანების გარკვეული წრის ზეპირი შეხედულებისა. სასიხარულოა, რომ დღეს სასამართლო უკვე მტკიცებულებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და დასაბუთებებიც ადეკვატურია. 2012 წლის შემდეგ მოსამართლეები სრულიად სხვა სტანდარტით მუშაობენ.


აქვე ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკის გათვალისწინებით შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, შეემუშავებინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სასჯელი მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ, „კანონიერი ქურდების“ გასამართლება, თუნდაც მისი სტატუსის გამო, სავარაუდოდ, უკვე შესაძლებელი გახდება. პროექტი უკვე საქართველოს პარლამენტშია და მას დეპუტატები, ალბათ, საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ.
ახლა კი კვლავ გიორგი გიორგაძეს დავუბრუნდეთ. ის 2017 წლის 17 თებერვალს სარფის საზღვარზე დააკავეს, რა დროსაც თურქეთიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა. ბოლო პერიოდში გიორგაძე თურქეთში ცხოვრობდა. მანამდე წლების განმავლობაში რუსეთს აფარებდა თავს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილების შავ ბიზნესს აკონტროლებდა. 2014 წელს მოსკოვში სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს. გიორგაძე გატაცებული ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. „კანონიერი ქურდის“ დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც პოლიციამ მის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.


რუსეთის კრიმინალურ წრეებში გიორგი გიორგაძეს როვშან ჯანიევის კლანის წევრად განიხილავდნენ. ჯანიევი 2016 წლის აგვისტოში სტამბულში ჩაცხრილეს. იგი „დედ ჰასანთან“ დაპირისპირებულ კლანს ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ჯანიევის სახელს უკავშირდება პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ასლან უსიოანის, იგივე „დედ ჰასანის“ მკვლელობა.


„2016 წელს როვშან ჯანიევის მკვლელობა იყო შურისძიება „დედ ჰასანის“ მკვლელობის გამო“, – წერს რუსული პრესა. „დედ ჰასანის“ დაჯგუფების ერთ-ერთ გავლენიან წარმომადგენლად ითვლებოდა აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი. ამბობენ იმასაც, რომ სწორედ მან იძია შური კრიმინალური სამყაროს ნათლიმამის, ასლან უსოიანის მკვლელებზე. რუსულ პრესაში ისიც იწერებოდა, რომ ჰასანის მომხრეებმა საკუთარი „გამოძიება“ ჩაატარეს და თავიანთი ლიდერის მკვლელობაში ე.წ. კანონიერი ქურდი როვშან ჯანიევი დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მისი კლანის წევრებზე ნადირობა გამოცხადდა. პირველი სამიზნე გახლდათ როვშანის „მარჯვენა ხელი“ რუფატ ნასიბოვი, მეტსახელად რუფო გიანჟანსკი, რომელიც მოსკოვში მოკლეს. „დედ ჰასანის“ მკვლელობის მომენტში როვშან ჯანიევი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც „დედ ჰასანი“ მოკვდა, მისი ე.წ. მარჯვენა ხელი მოსკოვში ჩავიდა. მართალია, მისი მოსკოვში ყოფნის შესახებ მხოლოდ ადამიანთა ძალიან ვიწრო წრემ იცოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მათგანმა ინფორმაცია მაინც მიაწოდა უსოიანის კლანის წარმომადგენლებს. მას იმ ბინაში მიაკითხეს, სადაც იმალებოდა, დაცხრილეს და ცხედარი გაურკვეველი მიმართულებით ავტომობილით წაიღეს. უცნობია, კონკრეტულად ვინ განახორციელა რუფატ ნასიბოვის მკვლელობა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან მსხვერპლის წაღება ჩვენ მიერ ზემოხსენებული „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის ხელწერა გახლდათ, ამიტომაც რუსულმა პრესამ ამ მკვლელობის უკან სწორედ მისი სახელი გააჟღერა. ცნობილია, რომ ნადირ სალიფოვი ბოლო დროს „დედ ჰასანთან“ განსაკუთრებით ახლობლობდა. ერთ-ერთ ქურდულ შეკრებაზე მას „კანონიერი ქურდის“ „ტიტული“ ჩამოართვეს, თუმცა უსოიანმა მას ეს „ტიტული“ დაუბრუნა. მართალია, ის ამჟამად აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იხდის სასჯელს, მაგრამ გარეთ, და მათ შორის მოსკოვშიც, მისი დაჯგუფების მრავალი წევრი რჩება. ასე რომ, არ არის გამორიცხული, სალიფოვის განთავისუფლების შემდეგ როვშან ჯანიევის კლანზე ნადირობა გაგრძელდეს.


скачать dle 12.0
Facebook - კომენტარები
Information
Users of Guests are not allowed to comment this publication.